ელექტრონული დოკუმენტირების სისტემა

სხდომის პროცესის ოქმის ელექტრონული დოკუმენტირების სისტემა 

 

 

პროექტი შემუშავებულ იქნა დამკვეთის მიერ დასმული, შემდეგი, ამოცანების საფუძველზე:

1. სხდომის პროცესის მრავალარხიანი აუდიო ჩანაწერის შექმნა და მისი შენახვა ელექტრონული დოკუმენტის სახით მატარებლის ცალკეულ ტრეკებზე.

2. აუდიო-ვიდეო მასალის ჩაწერა ვიდეო მაგნიტოფონზე, ტელევიზიაში საჭიროების შემთხვევაში, მისი შემდგომი გამოყენებისათვის.

3. დარბაზის გახმოვანების მონიტორებზე სხდომის პროცესში შესაბამისი გამომსვლელების ხმის მიწოდება.

4. სხდომათა დარბაზის გარეთ ტელეპორტის შექმნა, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება თავიანთი აპარატურის მიერთებისა დარბაზში ჩამოყალიბებული პროგრამის ჩასაწერად ან ტელეცენტრში გადასაცემად.

სისტემაში გამოყენებულია 8 მიკროფონი. მათი სიგნალები მიეწოდება შესაბამის გამაძლიერებლებს, რომელთა ჩართვა-გამორთვა ხორციელდება სხდომის თავმჯდომარის მიერ KR-810 დისტანციური მართვის პულტიდან RS-485 ინტერფეისის მეშვეობით. ყველა გამაძლიერებელი მოთავსებულია კალათაში, გააჩნია დამატებითი კვების ბლოკი და განლაგებულია სხდომათა დარბაზში. ყოველ მათგანს გააჩნია 4 გამოსავალი, რომელთაგან გამოყენებულია მხოლოდ 2.

არსებული 8 სიგნალი მიეწოდება აუდიო მიქშერს და ერთდროულად აუდიო დისკ რეკორდერს TASCAM 2488 MKII. აუდიო დისკ რეკორდერში ეს სიგნალები იწერება და ინახება დამოუკიდებელ ტრეკებზე, ხოლო შემდგომში გადაეცემა პერსონალური კომპიუტერის დამგროვებელს, სადაც შესაძლებელია მისი გადაწერა როგორც CD დისკზე, ასევე ნებისმიერ მატარებელზე მრავალბილიკიანი ან სტერეო/მონო სახით. ეს მასალა ინახება არქივში ელექტრონულ ფორმატში როგორც სხდომის პროცესის ოქმი.

როგორც ზემოთ აღინიშნა, იგივე 8 მიკროფონის სიგნალები მიეწოდება აუდიო მიქშერს, სადაც ყალიბდება პროგრამის ერთი მარეზულტირებელი სიგნალი და ის გადაეცემა აუდიო ბალანსური სიგნალების გამაძლიერებელ-განმანაწილებელს შემდგომ მის 6 აუდიო მონიტორზე და პარალელურად ვიდეო მაგნიტოფონზე Sony HVR-M15E მისაწოდებლად დარბაზში.

ერთდროულად ეს მარეზულტირებელი სიგნალი მიეწოდება აუდიო სიგნალების დამატებით გამაძლიერებელ-განმანაწილებელს, რომლის გამოსავლიდან ჟურნალისტებისათვის განკუთვნილი 11 აუდიო სიგნალი გადაეცემა ტელეპორტს.

ამ სისტემის ვიდეო ნაწილი შედგება დარბაზში განლაგებული 4 კამერისაგან, რომელთა სიგნალები ვიდეო გამაძლიერებელ-განმანაწილებლის გავლით კადრული სინქრონიზაციის ფუნქციის მქონე ვიდეო სვიჩერს მიეწოდება. გამოყენებულია ვიდეო სვიჩერი - 4х1/4, რომლის გამოსავლებიდან პროგრამის სიგნალი გადაეცემა ვიდეო მაგნიტოფონს, ვიდეო სიგნალების გამაძლიერებელ-განმანაწილებელს და საპროგრამო მონიტორს, ხოლო ერთი გამოსავალი - სათადარიგოა.

ტელეპორტი განლაგებულია დამოუკიდებელ სათავსოში სხდომათა დარბაზის გარეთ და წარმოადგენს დამოუკიდებელ ბოქსს, რომელზედაც გამოყვანილია 11 აუდიო ბალანსური სიგნალი და 11 კომპოზიტური ვიდეო სიგნალი PAL. ყველა აუდიო-ვიდეო სიგნალები გამოყვანილია BNC და XLR გამთიშველებზე (ჯეკებზე). ერთდროულად ამ სისტემაზე ნებისმიერ 11 ჟურნალისტს შეუძლია მიუერთოს ვიდეო მაგნიტოფონი სიგნალის ჩასაწერად ან რადიო სარელეო ხაზი სიგნალის ტელეცენტრში გადასაცემად.

მთლიანად პროექტის შემუშავება, აპარატურის ინსტალაცია და გამშვებ-აწყობის სამუშაოები შესრულებულია "ინდენტი" ინჟინრების მიერ.

უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი მცირებიუჯეტიანია.